გერმანია AstraZeneca-ს ვაქცინას სრულწლოვანი მოქალაქეების ყველა ასაკობრივ ჯგუფში გეგმავს. აქამდე ამ ვაქცინით მხოლოდ ხანშიშესულ მოქალაქეებს ცრიდნენ. ამასთანავე, მცირდება პირველ და მეორე დოზას შორის შუალედი. როგორც წესი, გერმანიაში შუალედისთვის მაქსიმალურ, 12-კვირიან ვადას იყენებდნენ. ახლა კი ექიმები თავად გადაწყვეტენ, 4-დან 12 კვირამდე შუალედში როდის გაუკეთონ მეორე დოზა მოქალაქეებს.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი, იენს სპანი ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, იმედოვნებს, რომ ვაქცინაცია უფრო მოქნილი და პრაგმატული გახდება. მისივე თქმით, აგვისტოდან იგეგმება ვაქცინაციის დაწყება 12 და მეტი წლის მოზარდებშიც.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციით, AstraZeneca-ს ვაქცინის გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია და მისგან მიღებული სარგებელი აღემატება რისკს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, თრომბოზთან დაკავშირებული შემთხვევების გამო, გარკვეული ხნით 60 წლამდე მოქალაქეებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეზღუდული იყო.
ახლა კი გერმანიაში ვაქცინაციის დაჩქარება სურთ. ქვეყანაში ამ დროისთვის მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს აქვს ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული. ორივე დოზით კი ჯერჯერობით მოქალაქეთა 8.6%-ია აცრილი.
ამავდროულად, გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი და აქვს PCR ტესტის პასუხი, შეზღუდვებს შეამსუბუქებს.