გერმანია ბერლინის კედლის დაცემის 35 წლისთავს აღნიშნავს.
თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის საელჩოებმა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში თითქმის იდენტური ტექსტი გამოაქვეყნეს.
„მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს. ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია საელჩოს ტექსტში.
მსგავსი შინაარსის განცხადებებს ავრცელებს საელჩო რიგაში, პოდგორიცაში, ბრიუსელში ბაქოში და სხვა ქვეყნებში.