გერმანია გარკვეული ფორმით რუსეთის SWIFT-დან გათიშვაზე თანახმაა

პუბლიკა

გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი გარკვეული პირობებით მხარს დაუჭერენ რუსეთის SWIFT-დან გათიშვას.

როგორც CNN წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრები აცხადებენ, რომ ისინი ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, რათა თავიდან აირიდონ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შემთხვევაში უდანაშაულო ხალხის დაზარალება.

„ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის SWIFT-ის მიზნობრივი და ფუნქციონალური შეზღუდვა“, – ნათქვამია ანნალენა ბერბოკისა და რობერტ ჰაბეკის ერთობლივ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და მთავრობის სხვა წევრები მოუწოდებდნენ ევროპის ქვეყნებს, რომ აემოქმედებინათ მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ისინი მოითხოვდნენ, რომ ჩაეხსნათ რუსეთი SWIFT-იდან.

SWIFT – ეს არის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება, რომელიც ბანკებს შორის ფინანსურ ტრანზაქციებს ემსახურება.

ევროპული ქვეყნების ნაწილი, მათ შორის, გერმანია ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ამ სისტემიდან გათიშვას, თუმცა ნელ-ნელა ქვეყნების უმეტესობამ პოზიცია შეიცვალა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის წარმატებული დიპლომატიის შედეგად, რუსეთის SWIFT-დან გათიშვის ტექნიკური პროცედურა უკვე დაიწყო.