გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, ისინი უკრაინას გერმანიის შეიარაღებაში არსებულ უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდიან. ამის შესახებ კანცლერმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მომდევნო კვირებში ჩვენ უკრაინას დამატებით შეიარაღებას მივაწვდით. მაგალითად, გერმანიის მთავარობამ ახლახანს გადაწყვიტა, რომ მათ გადავცეთ IRIS T ტიპის სისტემები. ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემა, რაც გერმანიას აქვს. ეს უკრაინას საშუალებას მისცემს მთლიანი ქალაქები დაიცვას რუსული თავდასხმებისგან“, – განაცხადა შოლცმა.
IRIS T (SLM) სისტემები ბალისტიკური რაკეტების გარდა ყველა სხვა ტიპის საჰაერო საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებს. მათ შორის, თვითმფრინავების, ვერტმფრენების, დრონებისა და საკრუიზო რაკეტების წინააღმდეგ. სისტემაში რაკეტების გამშვებ დანადგართან ერთად შედის თანამედროვე რადარი და მართვის პუნქტი. IRIS T სისტემები ახლო და საშუალო მანძილისთვისაა გათვლილი.
გერმანია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგად გარკვეული ხანი თავს იკავებდა უკრაინისთვის გადაეცა მძიმე შეიარაღება. თავდაპირველად მათ კიევს მხოლოდ თავდაცვითი საშუალებები გაუგზავნეს და დაბლოკეს ის ქვეყნებიც, ვისაც გერმანული წარმოების იარაღის გადაცემა სურდათ უკრაინისთვის.
მოგვიანებით, გერმანიის ხელისუფლებამ მათ მიერ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული პოლიტიკის გაგრძელებაზე უარი თქვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებითაც დახმარებოდა. ბერლინში დაანონსებული უკრაინისთვის განკუთვნილი მძიმე შეიარაღება მოიცავდა მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მძლავარ თვითმავალ საარტილერიო სისტემებსაც, თუმცა უკრაინას გერმანიისგან მძიმე შეიარაღება ჯერჯერობით არ მიუღია.