გერმანიაში, ქალაქ ჰანაუში ორ ჩილიმბარზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა თავდასხმის დროს 9 ადამიანი მოკლა.
BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ბევრი გარემოება მიანიშნებდა თავდასხმების რასისტულ მოტივზე.
ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლები მომხდარ ფაქტს ტერორისტულ აქტად აფასებენ. თურქეთმა განაცხადა, რომ მოკლულთაგან მინიმუმ 5 პირი თურქი იყო.
პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა საკუთარ ბინაში თავი მოიკლა. მისი სხეული დედის გვამთან ერთად იპოვეს.
ადგილობრივმა მედიამ ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახერხა. სავარაუდო თავდამსხმელი გერმანიის მოქალაქე ტობიას არია.
ეჭვმიტანილმა მკვლელობებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ულტრამემარჯვენე შინაარსის კონსპირაციის თეორიებს ავრცელებდა. უსაფრთხოების სამსახურები იკვლევენ ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა თვითმკვლელობამდე აღსარების წერილიც დატოვა.
„რასიზმი საწამლავია. სიძულვილიც საწამლავია და ეს საწამლავი ჩვენს საზოგადოებაშია გავრცელებული და უკვე მრავალი დანაშაულის გამომწვევი მიზეზიც სწორედ ეს საწამლავია“,-განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბერლინში გამოსვლის დროს.