გერმანიაში არჩევნები დასრულდა | როგორი იქნება მთავრობა მერკელის შემდეგ?

პუბლიკა

გერმანიაში ფედერალური (საპარლამენტო) არჩევნების წინასწარი შედეგებით მმართველი პარტია „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“ მარცხდება. ანგელა მერკელის გუნდმა ხმების 24.1% მოაგროვა და მცირედით ჩამორჩა „სოციალ-დემოკრატებს“.

ასე რომ, დიდი ალბათობით, გერმანიის მომავალი კანცლერი „სოციალ-დემოკრატი“ ოლაფ შოლცი იქნება. თუმცა ახალი ხელისუფლების ფორმირების პროცესი შეიძლება არც ისე მალე მოხდეს.

წინასწარი მონაცემებით, „სოციალ-დემოკრატებმა“ არჩევნებში ხმების 25.7% მოაგროვეს და ოლაფ შოლცს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს.

ბუნდესტაგში სიდიდით მესამე პარტია „მწვანეები“ იქნება, რომელთა შედეგიც გასულ არჩევნებთან შედარებით „სოციალ-დემოკრატების“ მსგავსად გაუმჯობესდა. „მწვანეებმა“ წინასწარი მონაცემებით ხმების 14.8% მიიღეს და მომავალი კოალიციის წევრებიც გახდებიან.

 

2017 წლის არჩევნებთან შედარებით ასევე გაუმჯობესდა „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ შედეგიც. მათ ხმების 11.5% მიიღეს და მეოთხე ადგილზე გავიდნენ.

მეხუთე ადგილს ულტრამემარჯვენე, კონსერვატიული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკავებს, თუმცა მათ წინა არჩევნებთან შედარებით ნაკლები ხმა მიიღეს და პარტიებს შორის რეიტინგშიც დაქვეითდნენ. პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ხმების 10.3% აქვს.

ბუნდესტაგის მიღმა დარჩენასთან ახლოს არის პარტია „ლინკე“ (მემარცხენეები), რომელთაც წინასწარი მონაცემებით ხმების 4.9% ერგოთ.

როგორი იქნება გერმანიის ახალი ხელისუფლება?

წინასწარი მონაცემებით, გერმანიის ახალი კანცლერობის მთავარი კანდიდატი „სოციალ-დემოკრატი“ ოლაფ შოლცია, პირველი ადგილი ხომ მისმა პარტიამ დაიკავა. მაგრამ „სოციალ-დემოკრატებს“ ხელისუფლებაში მოსასვლელად ჯერ კიდევ ბრძოლა და კოალიციის შესაქმნელად კომპრომისების გაკეთებაც მოუწევთ, რადგან გერმანიაში შესაძლოა რამდენიმენაირი კოალიციური მთავრობა ვიხილოთ. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მომავალი მთავრობის ხუთ შესაძლო კომბინაციაში ვერ ნახავთ პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რადგან მმართველ კოალიციაში მათ არცერთი ძალა არ განიხილავს.

1. „შუქნიშანი“

ყველაზე მეტი შანსი, სავარაუდოდ, შუქნიშანს“ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ „სოციალ-დემოკრატები“ „მწვანეებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ შემოიერთებენ, ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი იქნება.

მაგრამ თუკი „სოციალ-დემოკრატებისა“ და „მწვანეების“ მემარცხენე იდეები მეტად არის თანხვედრაში, მემარჯვენე ლიბერალი „თავისუფალი დემოკრატების“ კოალიციაში შესვლა უფრო გაჭირდება. ამის გამო, ორ მემარცხენე პარტიას შესაძლოა, გადასახადებსა და სხვა საკითხებთან მიმართებით თავიანთი პროგრამის კორექტირება მოუწიოს.

„სოციალ-დემოკრატებსა“ და „მწვანეებს“ შორის კი გარკვეული განსხვავებებია საგარეო პოლიტიკაში. „სოციალ-დემოკრატები“ უფრო მეტად დაბალანსებული კურსის მომხრე არიან, „მწვანეებს“ კი მეტად გამოკვეთილი პოლიტიკა სურთ და რუსეთის მიმართაც ხშირად მკაცრი შეფასებები აქვთ.

2. „იამაიკა“

„მწვანეებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ შესაძლოა კოალიცია შექმნან „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნება შეძლონ. გერმანიას ახალი კანცლერი ამ შემთხვევაშიც ეყოლება, რადგან მერკელი მთავრობიდან მიდის. მის ადგილს კი არმინ ლაშეტი დაიკავებს.

თუმცა, გერმანიის ალბათ ყველაზე დიდ პარტიას, რომელსაც მემარჯვენე-ცენტრისტული და შედარებით კონსერვატიული იდეოლოგია აქვს, კოალიციისთვის ბრძოლა მოუწევს.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ „მწვანეებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ კოალიციის უკეთესი პირობები უნდა შესთავაზონ. 2017 წელს ასეთი კომბინაციით ხელისუფლების ჩამოყალიბებაზე შეთანხმება ვერ შედგა.

3. „კენია“

„სოციალ-დემოკრატიული“ და „ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტია გერმანიის ორი წამყვანი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ძალაა, თუმცა არც მათი კოალიციაა გამორიცხული. მეტიც, ორმა მთავარმა კონკურენტმა ამ არჩევნებმადეც რამდენჯერმე შექმნა, ე.წ. დიდი კოალიცია. მათ შორის, ბოლოს, 2017 წელს.

მაგრამ ახლა განსხვავებული სიტუაციაა. ბუნდესტაგში წამყვან პარტიებს კოალიციის შემთხვევაშიც გაუჭირდებათ საკმარისი ხმების მოგროვება, მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მათ მესამე პარტიაც დასჭირდებათ.

ეს შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატიული პარტია“ იყოს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ასეთი კომბინაცია უფრო მეტად გერმანიის ბიზნესელიტას და თავისუფალი ბაზრის მომხრეებს აწყობთ.

4. „გერმანია“

„სოციალ-დემოკრატებსა“ და „ქრისტიან-დემოკრატებს“ გაერთიანება განსხვავებული კომბინაციითაც შეუძლიათ.

ამ შემთხვევაში მათ მესამე ძალად „მემარცხენეები“ შეუერთდებიან, რაც უფრო სავარაუდო ჩანს იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ადგილს მემარცხენე ღირებულების „სოციალ-დემოკრატები“ იკავებენ და „კენიის“ კომბინაციაში ორ მემარჯვენე პარტიასთან გაერთიანება ნაკლებად წაადგებათ. „მწვანეები“ კი მათ ღირებულებებს მეტად გაიზიარებენ.

5. „წითელი-წითელი-მწვანე“

მიუხედავად იმისა, რომ სამივე პარტიას მემარცხენე ღირებულებები აქვს, ყველაზე ნაკლებ სავარაუდო ასეთი კოალიციის შექმნაა. „ლინკემ“ ხმების მხოლოდ 5%-მდე მოაგროვა და ჯერ კიდევ ისიც უცნობია წინასწარი მონაცემებით, დაიკვებენ თუ არა შედარებით რადიკალი მემარცხენეები ბუნდესტაგში ადგილებს.

ხოლო თუკი დაიკავებენ, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა იმდენად მცირე იქნება, რომ მემარცხენე კოალციის შექმნა ვერ მოხერხდება. თანაც, „ლინკესა“ და „მწვანეების“ საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

არჩევნების დასრულებასთან ერთად გერმანიაში დასახელებული კომბინაციებით ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებებიც დაიწყება. თუმცა, სავარაუდოა, რომ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევას დრო დასჭირდება და ანგელა მერკელს კანცლერის პოსტზე დარჩენა შეიძლება წლის ბოლომდეც კი მოუწიოს.