გერმანიაში მუშაობა განაახლეს მანქანების, ველოსიპედებისა და მცირე ზომის მაღაზიებმა

პუბლიკა

BBC-ის ინფორმაციით, გერმანიაში კარანტინის ზომების შემსუბუქება დაიწყო და გაიხსნა მცირე ზომის, მანქანებისა და ველოსიპედების მაღაზიები. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მრუდი გასწორდა და კონტროლს დაექვემდებარა, თუმცა სოციალური დისტანცირება კვლავ ძალაში რჩება. საქსონიის მხარეში მოქალაქეებისთვის საჯარო სივრცეში ნიღბის ტარება სავალდებულოა, დანარჩენ ტერიტორიაზე კი მკაცრად არის რეკომენდებული. გერმანიაში სკოლებში მხოლოდ ის მოსწავლეები დაბრუნდნენ, რომლებსაც გამოსაშვები გამოცდები აქვთ.

ბევრ ევროპელ მეზობელთან შედარებით გერმანიაში ვირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. BBC-ის ინფორმაციით, ეს ფართომასშტაბიანმა ტესტირებებმა და ინფიცირებულთა ძიებამ განაპირობა.

გერმანიის 16 მხარეში ნაწილობრივი საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქება მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში მუშაობა განაახლეს როგორც დიდმა, ასევე მცირე ზომის მაღაზიებმა. დანარჩენ მხარეებში კი მუშაობის გაგრძელების საშუალება მხოლოდ 800 კვ. მ.-ზე ნაკლები ფართობის მქონე მაღაზიებს მიეცათ. გერმანიაში სასტუმროები, კაფეები, სპორტული დაწესებულებები და რესტორნები კვლავ დახურულია.

მთავრობის განცხადებით, გერმანიაში ბიზნესის უმეტესობისთვის საკარანტინო შეზღუდვები 3 მაისამდე გასტანს. ამის შემდეგ მოსწავლეებიც სკოლებს დაუბრუნდებიან.

ანგელა მერკელმა თავის ქრისტიან-დემოკრატ კოლეგებს მოუწოდა, თავი შეიკავონ წესების სამომავლო შემსუბუქებაზე საუბრისგან, რადგან ასეთი საუბარი შეასუსტებს სოციალური დისტანცირების მნიშვნელობას და ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას.

ევროპაში მთავრობების მოსაზრებებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

დანიაში დაწყებითმა სკოლებმა და საბავშვო ბაღებმა მუშაობა განაახლეს. ესპანეთში კი ბავშვები 5 კვირაზე მეტია თვითიზოლაციაში არიან. დანიაში ასევე ორშაბათიდან იგეგმება სილამაზის სალონების გახსნა. ჩეხეთში ღია ცისქვეშ ბაზრობებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის საზღვრები 2020 წლის განმავლობაში ჩაკეტილი უნდა იყოს.