გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია - პროფკავშირი

პუბლიკა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს, რომ, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. მათივე ცნობით, ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ მათი ხელფასი საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად 3 ევროა, ამას გარდა კიდევ უფრო საგანგაშოა ის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან. პროფკავშირების გაერთიანება მიმართავს გერმანიის ელჩს, შესწავლოს საკითხი და საქართველოს შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს სასწრაფოდ დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობით, რადგან სწორედ შრომის სამინისტროსთან არსებული დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოა მათი გერმანიაში გამგზავრების ორგანიზატორი. არსებულ ვითარებას უნდა გაეცნოს საქართველოს შრომის ინპექციაც, რადგან საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება. პროფკავშირების გაერთიანება თავის მხრივ, მიღებულ ინფორმაციას რეაგირებისთვის პარტნიორ გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებას მიაწვდის“,- ნათქვამია განცხადებაში.

დასაქმებულების მძიმე შრომით პირობების ამსახველი ვიდეოკადრები „რადიო თავისუფლებამაც“ გაავრცელა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის 14 აპრილიდან მაისის 14-მდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, დასაქმდა და შესაბამისად დასაქმების ადგილას, ანუ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გაემგზავრა დამატებით სამი ჯგუფი (სულ 4 ჯგუფი, 54 პირის შემადგენლობით).

მათივე ცნობით, გერმანული მხარის მიერ გამოგზავნილია 27 ვაკანსია, 632 ვაკანტური სამუშაო ადგილით, რომელზე დასაქმებისთვისაც ქართული მხარის მიერ გაგზავნილია დაახლოებით 730 განაცხადი და ელოდებიან დასტურს პარტნიორი ქვეყნის შესაბამისი უწყების მხრიდან. შეთანხმების მოქმედების ვადები არ არის შეზღუდული დროში და გაგრძელდება არა მხოლოდ 2021, არამედ შემდეგ წლებშიც.