გერმანიის და საქართველოს შს მინისტრები მიგრაცია-მობილობის შესახებ შეთანხმებას გააფორმებენ

პუბლიკა

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა. აეროპორტში მას შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი მინისტრ ვახტანგ გომელაურს შეხვდება.

გერმანელი მინისტრის მიზანი საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა.

მიმდინარე წლის 15 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ.

მიგრაციისა და მობილოის შესახებ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.

გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.

რეადმისიის პროგრამა ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ.