გერმანიის ელჩი ამბობს, რომ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ქართველების პრობლემები მოგვარდება

პუბლიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების სამუშაო პირობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ელჩი განცხადებაში აღნიშნავს, გერმანულ უწყებებთან საკითხთან დაკავშირებით მას ჰქონდა საუბარი და მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.

„ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი.

პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს.

კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, – აცხადებს გერმანიის ელჩი, რომლის კომენტარსაც საელჩო ავრცელებს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ განცხადება გაავრცელა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სეზონურ სამუშოებზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებშია. მათივე ცნობით, ისინი ვერც დაპირებულ ანაზღაურებას იღებენ.