„დღევანდელ დღეს, 50 წლის წინ, გაფორმდა დაძმობილების ხელშეკრულება ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის – ადამიანებს შორის კავშირისთვის. დღეს ეს პარტნიორობა ზიანს განიცდის საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო, რასაც გერმანია და ევროკავშირიც ადასტურებენ. გერმანია გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას საქართველოს მოსახლეობასთან”.
ამ შინაარსის განცხადებას აკეთებს სოციალურ ქსელ X-ზე საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
ზაარბრუკენის და თბილისის დაძმობილების სესახებ საელჩო ფეისბუქის გვერდზეც წერს:
რატომ არის თბილისში ზაარბრიუკენის მოედანი? 50 წლის წინ ამ დღეს, თბილისის მერიაში ზაარბრიუკენსა და თბილისს შორის დაძმობილების ხელშეკრულება დაიდო. რა თქმა უნდა, დაძმობილება ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თანამშრომლობა ორ ქალაქს შორის. ეს პარტნიორობა პირველ რიგში ერთმანეთთან აკავშირებს ადამიანებს.
თბილისსა და ზაარბრიუკენს შორის პარტნიორობის გაფორმება ისტორიული და უნიკალური მოვლენა იყო, რადგან ეს იყო მეგობრობის პირველი ოფიციალური ხელშეკრულება დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქს შორის.
საქართველოს დამოუკიდებლობის კვლავ მოპოვებიდან 2024 წლამდე ორივე ქალაქის დელეგაციები რეგულარულად სტუმრობდნენ ერთმანეთს, ერთმანეთთან აგზავნიდნენ ხელოვანებს, ხოლო მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინტენსიურად ხდებოდა გამოცდილების გაცვლა.
წლების განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციასთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პასუხისმგებლობაში შედიოდა ქალაქის დაძმობილება ზაარბრიუკენთან და ასევე 20-ზე მეტ სხვა ქალაქთან მთელს მსოფლიოში. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ იქ მომუშავე ბევრ თანამშრომელს პროფესიული და თავდადებული შრომისთვის. მათმა მოღვაწეობამ ერთმანეთთან დააახლოვა ქართველები და გერმანელები. გერმანულ-ქართული თანამშრომლობის იუბილემდე ცოტა ხნით ადრე ეს დეპარტამენტი დაიშალა და დიდი ხნის თანამშრომლები გაათავისუფლეს. ჩვენთვის ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.
ზაარბრიუკენმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში თანდართული რეზოლუციით სოლიდარობა გამოუცხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მის დაძმობილებულ თბილისში მხარს უჭერენ კანონის უზენაესობის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების პროევროპულ კურსს.
გერმანიის საელჩო თბილისში გააგრძელებს მუშაობას, რათა ხელი შეუწყოს ქართველი ხალხის სურვილს, კვლავაც გაგრძელდეს ევროპისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობა.
– ვკითხულობთ საელჩოს ფეისბუქის გვერდზე.