გერმანიის ელჩი: მინდა ვიცოდე, ვინაა ეს გლობალური ომის პარტია?

პუბლიკა

გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, იცოდეს, ვინ არის „გლობალური ომის” პარტია, რომელსაც „ქართული ოცნება” თავის განცხადებებში მუდმივად ახსენებს.

„ჩვენ თქვენთვის გამოვყავით 2 მილიარდი ევრო გერმანიის გადასახადების გადამხდელთა თანხებიდან. გლობალური ომის პარტია – ვინაა ეს? გერმანიაა? არა. ევროკავშირია? არა. ამერიკის შეერთებული შტატებია? მინდა ვიცოდე, ვინაა ეს გლობალური ომის პარტია? ჩვენ, ევროკავშირი, ვერ ვიქნებით, რადგან ჩვენ გლობალური მშვიდობის პარტია ვართ”, – განაცხადა მან.

ელჩმა კიდევ ერთხელ შეაფასა რუსული კანონი და თქვა, რომ საქართველოში ინიციირებულ და სხვა ქვეყნებში არსებულ კანონებს შორის მთავარი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორისაა.

„იმაზე, თუ რას შეიცავს ეს კანონპროექტი, არა მხოლოდ ეჭვები მაქვს, არამედ ეს დარწმუნებით ვიცი, რადგან იგი მრავალჯერ წავიკითხე. ევროპული იდეა სამოქალაქო საზოგადოებას მოიაზრებს დემოკრატიის ცენტრალურ ნაწილად.

სამოქალაქო საზოგადოება ზედმიწევნად აქტიურია და მას უნდა ჰქონდეს საჭირო მხარდაჭერა, ნაცვლად შეზღუდვებისა. ევროკავშირში ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას, ჩვენ მათ არ ვზღუდავთ. ახლა კი ეს კანონი მოიცავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, გარდა სპორტულისა და სისხლის ბანკებისა, ამიტომ იგი ფართო და მრავლისმომცველია.

კანონებისთვის, რომლებიც არსებობს, მაგალითად, შეერთებულ შტატებსა და სხვაგან, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა ინტერესების რეპრეზენტაციასა და „უცხოური” ინტერესების რეპრეზენტაციას შორის”, – აღნიშნა ელჩმა.

პეტერ ფიშერმა ისაუბრა კანდიდატის სტატუსზეც და იმ 9 დათქმაზეც, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს წარუდგინა – ელჩის განცხადებით, დღეს პროგრესი ამ ნაბიჯების მხრივ ძალიან მცირეა.

„ახლა კითხვები გაჩნდა იმაზე, თუ რა სურს საქართველოს მთავრობას, რადგან მათი ქმედებები არ ეპასუხება იმ მოთხოვნებს, რაც წევრობისთვისაა საჭირო. წევრობა გულისხმობს, გადმოინერგოს ევროპული სამართლებრივი ნორმებისა და სტანდარტების მთელი წყობა და თუკი ამ კანონების მიღება მოხდება, რაც ამ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაშინ ჩვენ უკვე პრობლემას ვაწყდებით. ეს წევრობას ართულებს, ჩვენ კი ამ გზას რეალურად ვადგავართ და აქტიურად ველაპარაკებით ქართულ მთავრობას. ჩვენ აქ ვართ, რათა მთავრობას დავეხმაროთ ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში, მაგრამ ეს საქართველოსაც უნდა სურდეს. მთავრობა ქართველი ხალხის სახელით მოქმედებს, მიღების პროცედურა გულისხმობს მთავრობასთან საუბარს.

საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი იმ პირობით, რომ იგი განახორციელებდა მოთხოვნილ 9 პუნქტს, ჩვენ საქართველოს გავუწევდით დახმარებას და მივაწვდიდით საჭირო ცოდნას იმაზე, თუ რას მოელის ევროკავშირი საქართველოსგან საიმისოდ, რომ იგი დაუახლოვდეს ევროკავშირს კანონმდებლობებისა და ინიციატივების სწორი მოწყობით, და ა.შ. მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ამ დრომდე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ ამ 9 პუნქტთან დაკავშირებით. ახლა მაისია და პროგრესი თითქმის შეუმჩნეველია”, – აღნიშნა ელჩმა.