მას შემდეგ, რაც გერმანიის მთავრობაში ბიუჯეტის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ და ოთხშაბათს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი, ქრისტიან ლინდნერი დაითხოვა, გერმანიის კოალიციური მთავრობა დაიშალა.
მინისტრის გათავისუფლებას თავისუფალი დემოკრატების პარტიის (FDP) კოალიციიდან გასვლა მოჰყვა, რის გამოც შოლცის სოციალ-დემოკრატების პარტია მწვანეების ალიანსთან ერთად უმცირესობაში რჩება.
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ 15 იანვარს მოითხოვს მთავრობაში ნდობის გამოცხადებას, რაც აუცილებელი წინაპირობა იქნება მარტის ბოლოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისთვის. როგორც გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ არ გამოიყენებს უფლებამოსილებას შოლცის ვადამდელი არჩევნების ინიციატივის დაბლოკვისთვის.
არჩევნებამდე, მწვანეების პარტია, რომელიც კოალიციაში შემავალ სამ პარტიას შორის მეორე უდიდესი პარტიაა, მთავრობაში რჩება. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მათ საკუთარი საპარლამენტო უმრავლესობა არ აქვთ, მოუწევთ ინდივიდუალური კენჭისყრებისთვის სხვა პარტიების დროებითი მხარდაჭერის მოპოვება.
პარალელურად, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საჭირო საბიუჯეტო ზომების მხარდასაჭერად დაუყოვნებლივ მიმართავს ოპოზიციური კონსერვატორების ლიდერს, ფრიდრიხ მერცს.