გერმანიის პარლამენტმა ისტორიული რეფორმა და 500-მილიარდიანი ფინანსური პაკეტი დაამტკიცა

პუბლიკა

გერმანიაში საკონსტიტუციო რეფორმების ისტორიული პაკეტი მიიღეს.

პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის მიერ სესხის აღების წესების რეფორმა და 500-მილიარდიანი ფინანსური პაკეტი, რომელიც სამხედრო და ინფრასტრუქტურულ განახლებას მოხმარდება.

პარლამენტის ზედა პალატამ, რომელიც გერმანიის 16 შტატს წარმოადგენს, ცვლილებები ხმების ორი მესამედით მიიღო (69-დან 53).

საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ე.წ. „სესხის მუხრუჭს“ ამსუბუქებს, ხელისუფლებას უფლებას აძლევს, რომ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე უფრო მეტი დახარჯოს.

გერმანიის კონსტიტუციის მიხედვით, „სესხის მუხრუჭი“ ზღუდავს მთავრობის შესაძლებლობას, ყოველწლიურად აიღოს დიდი ოდენობის სესხი, რათა ყოველწლიურად ეროვნული ვალი კონტროლის ქვეშ იყოს.

თავდაცვის, კიბერუსაფრთხოების, დაზვერვისა და სამოქალაქო დაცვის ხარჯები, რომლებიც გერმანიის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს აღემატება, ახლა ახალი სესხით შეიძლება დაფინანსდეს.

„სესხის მუხრუჭის“ შემსუბუქების წინადადება ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა (CDU) და სოციალ-დემოკრატებმა (SPD) წარმოადგინეს.

გასულ თვეს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპის ბედის მიმართ „გულგრილი“ იყო და გერმანიას თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მოქმედება სწრაფად უნდა დაეწყო.

ფრიდრიხ მერცისთვის ეს რეფორმა დიდ გამარჯვებად მიიჩნევა, რადგან ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისთვი სოციალ-დემოკრატებთან კოალიციის შექმნას განიხილავს და იმედოვნებს, რომ მთავრობა აპრილისთვის უკვე ჩამოყალიბებული იქნება.