გერმანიის საელჩომ აფხაზეთს 46 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა

პუბლიკა

გერმანიის საელჩომ საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს სოხუმსა და გუდაუთაში Covid-19-თან საბრძოლველად და დიაგნოზის დასასმელად 46 ათასი ევროს ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. მათ შორის ჟანგბადის კონცენტრატორები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები და ა.შ.

„Covid-19-თან ბრძოლისათვის აუცილებელი დახმარება აფხაზეთის მოსახლეობისთვის. ვირუსი მთელს მსოფლიოში საზღვრების მიუხედავად ვრცელდება. პანდემია აფხაზეთის მოსახლეობისთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის, რომ იქ გაუმჯობესდეს დიაგნოზის დასმის შესაძლებლობები, მკურნალობა და სამედიცინო პერსონალის დაცვა, გერმანიის საელჩომ სამედიცინო დაწესებულებებს სოხუმსა და გუდაუთაში გადასცა დაახლოებით 46 ათასი ევროს ღირებულების გენერატორი, ჟანგბადის კონცენტრატორები, ულტრაიისფერი ნათურები, პულსოქსიმეტრები, სწრაფი ტესტები, დამცავი ნიღბები და სადეზინფექციო საშუალებები“, – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.