საქართველოში გერმანიის საელჩოში განმარტავენ, რატომ არიან მიწვეული ბერლინში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინდონეზია, უკრაინა და მოლდოვა.
„ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის, მოლდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, – აცხადებენ საელჩოში.
G7-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულნი იყვნენ უკრაინის, მოლდოვის და ინდონეზიის წარმომადგენლები. მიწვეულთა სიაში საქართველო არ არის.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამდღიანი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი უკრაინაში რუსეთის ომია.