გერმანიის საგარეო: ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის

პუბლიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საერთაშორისო მედიასთან განაცხადა, ელჩ პიტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა „ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო ქართული ხელმძღვანელობისთვის”.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო უწყების მოლოდინია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ელჩის მიმართ პერსონალური თავდასხმები თავიდან იქნება არიდებული.

„ჩვენ ახლა ქართულ ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით შევაფასებთ. ამით გამოვიტანთ შემდგომ დასკვნებს”, – თქვა მან.

გერმანიამ ელჩი პიტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის 19 ოქტომბერს გაიწვია. რამდენიმე დღის წინ საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.

დღეს ფიშერი საქართველოში დაბუნებას პოსტით გამოეხმაურა.

„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ კეთილ ადამიანს და მეგობარს საქართველოში, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, – წერს ფიშერი სოციალურ ქსელში.