გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ უწყება X-ზე წერს.
„ბერლინში კონსულტაციების შემდეგ, გერმანიის ელჩი დღეს საქართველოში დაბრუნდა. ის ჩვენი სრული მხარდაჭერით გააგრძელებს თავის თავდადებულ საქმიანობას“, – წერს გერმანიის საგარეო X-ზე.
გერმანიის საგარეო უწყებამ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომ ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს, რადგან „საქართველოს ხელმძღვანელობა ევროკავშირის, გერმანიისა და ასევე პირადად გერმანიის ელჩის, ფიშერის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებს“.
25 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაიბარა და როგორც მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, ფიშერს „ვენის კონვენცია“ შეახსენა და განუმარტა, რომ ელჩი სახელმწიფოს შიდა პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს.
უწყების განცხადებით, ელჩთან შეშფოთება გამოხატეს „რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობებთან“ დაკავშირებითაც.
უწყების დატოვების შემდეგ პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ მან უარყო მის მიმართ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებები და რომ გერმანია-საქართველოს ურთიერთობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ.
„გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“ საქართველოში. გერმანული მხარის პოზიციიდან მე დეტალებში უარვყავი უსაფუძვლო ბრალდებები ჩემ მიმართ.
გერმანია-საქართველოს ურთიერთობების ასეთ დონეზე გაუარესებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და „ქართული ოცნების“ იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც თავიანთი რიტორიკითა და ქმედებებით გამოიწვია ეს, დაბლოკა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
არ მომისმინეს. მე არ ვარ რადიკალი. გერმანია რჩება საქართველოს მეგობრად“, – დაწერა პეტერ ფიშერმა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ.