გერმანიის საგარეო: შეშფოთებული ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობებზე

პუბლიკა

გერმანიის საგარეო ოფისი ეხმაურება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს და აღნიშნავს, რომ სრულად უჭერს მხარს ეუთო-ოდირის დამკვირვებლების შეფასებებს. მათი თქმით, აგრძელებენ მიმდინარე პროცესზე დაკვირვებას და მოუწოდებენ მხარეებს, ხელი არ შეუწყონ სამომავლო პოლარიზაციას.

„გერმანია სრულად უჭერს მხარს ეუთო/ოდირის საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ მიგნებებსა და დასკვნას საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბულ გარემოსა და დარღვევებზე გავრცელებულ ცნობებზე, რაც აუცილებლად უნდა იქნა განხილული და გამოსწორებული.

გერმანია აგრძელებს საქართველოში განვითარებული მოვლენების ყურადღებით დაკვირვებას და მოუწოდებს, ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება, მოერიდონ ძალადობასა და სამომავლო პოლარიზაციას. არჩევნების შედეგებთან გამკლავებასა და მთავრობის ფორმირებას ასევე ექნება გავლენა საქართველოს სამომავლო პროგრესზე მის ევროპულ გზაზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წინასწარი შეფასებები გააკეთეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა, რომ „როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა”.