გერმანიის საგარეო უწყება ჰომოფობიურ კანონზე: საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან

პუბლიკა

გერმანიის საგარეო უწყება „ოცნების“ მიერ ჰომოფობიური, ცენზურის დამწესებელი კანონის მიღებას ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს LGBTQI ადამიანების დისკრიმინაციას.

უწყების თქმით, კანონი კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან.

„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI-პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი.

კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები; რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

გარდა ამ საკანონმდებლო პაკეტისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს.

მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს.