გერმანიის საელჩო: თუ ელჩი სადმე წავა, არ იქნება დაკავშირებული მის დიპლომატიურ საქმიანობასთან

პუბლიკა

გარემოს დამცველმა ორგანიზაციამ, „მწვანე ალტერნატივამ” გერმანიის საელჩოსგან მიიღო წერილი, რომლის თანახმადაც, ელჩი პეტერ ფიშერი „გადაუდებელი საქმის გამო გერმანიაში მიემგზავრება”.

ორგანიზაციის წარმომადგენელი, მანანა ქოჩლაძე „პუბლიკას” ეუბნება, რომ 18 აპრილს დაგეგმილია კონფერენცია, რომელიც კლიმატის ცვლილებას ეხება და გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით ტარდება. მას გერმანიის ელჩიც უნდა დასწრებოდა.

„ამ გრანტით ბევრი რამე გაკეთდა და გერმანიის ელჩი მოხარული იყო, კიდე ერთხელ ხაზი გაგვესვა და  მადლობა გადაგვეხადა გერმანიის მთავრობისთვის, ელჩიც თანახმა იყო, დასწრებოდა ღონისძიება.

დღეს [15 აპრილს] მივიღეთ წერილი, რომ „სამწუხაროდ, მისგან დამოუკიდებელი, გადაუდებელი მიზეზების გამო, რადგან ის უნდა წავიდეს გერმანიაში, ვერ დაესწრება ღონისძიებას”. – გვითხრა მანანა ქოჩლაძემ.

მისივე თქმით, წერილში წერია, რომ ღონისძიებას ვერც ელჩის მოადგილეები მივლენ, რადგან „ისინი ან არ იქნებიან ქვეყანაში, ან დაკავებულები იქნებიან სხვა საქმეებით”.

„პუბლიკა” დაუკავშირდა გერმანიის საელჩოსაც, სადაც გვითხრეს, რომ „პეტერ ფიშერი ახლა თბილისშია და მუშაობს, ხოლო თუ სადმე წავა, ეს არ იქნება დაკავშირებული მის დიპლომატიურ საქმიანობასთან”.