გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება – ავთო დემეტრაშვილი

პუბლიკა

კონსტიტუციონალისტი ავთო დემეტრაშვილი ტელეკომპანია „მთავართან“ აცხადებს, რომ პლებისციტს აზრი არ აქვს, არაპირდაპირი მნიშვნელობით ის უკვე ჩატარდა, რადგან 200 000 ამომრჩეველმა ხმა მისცა 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების გამართვას.

შეგახსენებთ, რომ არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული იყო კონსტიტუციური კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. 32 მომხრე, 55 წინააღმდეგი, – 12 ნოემბერს პარლამენტმა ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

„200 000 ამომრჩეველმა ხელი მოაწერა იმ კანონპროექტს, რომელიც მოითხოვდა 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არჩევნების გამართვას. ეს კონსტიტუციური კანონპროექტი შესულია დადგენილი წესით პარლამენტში. პარლამენტმა განიხილა კანონპროექტი, რომელიც დეპუტატების მიერ იყო ინიცირებული და მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მის გაგრძელებაზე. პირდაპირი მნიშვნელობით ეს არ არის პლებისციტი, მაგრამ ხალხის გადაწყვეტილება, 200 000 ადამიანის აზრი უკვე გაგებულია. ამიტომ პლებისციტის გამართვას აზრი არ აქვს“, – ამბობს ავთანდილ დემეტრაშვილი.

მისივე თქმით, პლებისციტის შედეგები ისევ პარლამენტში უნდა შევიდეს და გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. აქ არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი.

კონსტიტუციონალისტმა ავთო დემეტრაშვილმა ასევე ისაუბრა გერმანულ მოდელზე და განაცხადა, რომ აღნიშნული მოდელი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

„გერმანული მოდელი არანაირად არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ მოდელს, რომელიც ადგენს საარჩევნო სისტემას. ერთადერთი სირთულე არის მანდატების განაწილებასთან დაკავშირებით, მაგრამ კონსტიტუცია პირდაპირ გვეუბნება, რომ მანდატები განაწილდება ორგანული კანონით და ეს ორგანული კანონი არის საარჩევნო კოდექსი. ამიტომ საჭირო იქნება, ორგანული კანონის გადასინჯვისთვის დადგენილი უმრავლესობა იყოს პარლამენტში და ასეთი არის და ამოქმედდება გერმანული მოდელი, რომელიც უფრო გადახრილია პროპორციული სისტემისკენ“, – განაცხადა დემეტრაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობის წევრების განცხადებები, რომ გერმანული მოდელი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოითხოვს დიდ დროს მისი  გადასინჯვისთვის, რთულია და არ არის თანხვედრაში კონსტიტუციის დედააზრთან, ეს არ არის სწორი გაგება კონსტიტუციის.

დემეტრაშვილის განმარტებით, გერმანული მოდელის მიღებას სჭირდება დაახლოებით 2-3 კვირა და სირთულეს არ წარმოადგენს, ხოლო კონსტიტუციის გადასინჯვას, სულ ცოტა, 3-4  თვე დასჭირდება.