“შენების მოძრაობის” ლიდერის დავით უსუფაშვილის შეფასებით, ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გაკეთებული განცხადებები „თითიდან გამოწოვილი არგუმენტია“ და კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. უსუფაშვილი ამბობს, რომ „ჟონგლიორობა ამ თემებზე ხელისუფლებას აღარ გაუვა“.
„კონსტიტუცია ამბობს, 73 მანდატი პარლამენტში განაწილდება მაჟორიტარული წესით, კი ბატონო, გერმანული მოდელი ამბობს – ავირჩიოთ 73 მაჟორიტარი. კონსტიტუცია ამბობს, 77 მანდატი განაწილდება პარტიულ სიებზე პროპორციულად, კი ბატონო, განაწილდეს პროპორციულად.
გერმანული მოდელის შემთხვევაში, მაჟორიტარულის წარმომადგენლობა არის უზრუნველყოფილი და პროპორციულობაც არის დაცული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ხმების 50% მიიღო ვინმემ და ეს 50% მაჟორიტარული მანდატებით შეივსო, პროპორციულიდან დამატებით კიდევ ჯიბეში ვეღარაფერს ვეღარ ჩაიდებს.
ანუ გერმანული მოდელი რომ ყოფილიყო 2016 წელს, მმართველი პარტია თავისი 73 მაჟრიტარით, რომელიც ყველგან მოიგო, ამით შეავსებდა პროპორციულ კვოტას, დანარჩენი პროპორციული მანდატები კი პროპორციულად გადანაწილდებოდა სხვა ხალხზე მიღებული ხმების პროპორციულად“,- განმარტავს დავით უსუფაშვილი „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
დღეს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგომ, ირაკლი კობახიძემ და გია ვოლსკიმ განაცხადეს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარების თაობაზე სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება, არ არის თანხმედრაში კონსტიტუციასთან.