„გერმანული მოდელი“ საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება – არასამთავრობო ორგანიზაციები

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები ე.წ. „გერმანული მოდელის“ შესახებ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას.

„შერეული საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელი“ შერეული წევრობის პროპორციული, დამოკიდებული (Mixed-member proportional) საარჩევნო სისტემის ტიპს წარმოადგენს. იგი ამომრჩეველს აძლევს საშუალებას, აირჩიოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, ისე პარტიული სია. პარლამენტში კი პარტიებს/საარჩევნო ბლოკებს შორის ადგილების განაწილების განმსაზღვრელი არის პროპორციული სისტემის საფუძველზე მიღებული ხმები.

კლასიკური „გერმანული მოდელი” ასევე ითვალისწინებს მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი ხმებისა და მანდატების დისპროპორციის კომპენსირებას პროპორციული სიებით, რისთვისაც გამოიყენება საკომპენსაციო მანდატები და არ არის განსაზღვრული საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობა. საქართველოში კონსტიტუცია განსაზღვრავს პარლამენტის შემადგენლობას 150 დეპუტატით. თუმცა, მაჟორიტარულ კომპონენტში გამოვლენილი მანდატების არაპროპორციულობის დაბალანსება შესაძლებელია მანდატების ფიქსირებული ჯამური რაოდენობის პირობებშიც. შესაძლოა, ამ ფაქტორმა გაართულოს მანდატების იდეალური პროპორციით განაწილება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ე.წ. „გერმანული მოდელით“ განაწილებული მანდატები უფრო მეტად პროპორციულ და სამართლიან თანაფარდობას მოგვცემს, ვიდრე საქართველოში დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. „გერმანული მოდელის“ მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას.“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებენ.

სრულად განცხადება იხილეთ ბმულზე.