„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს სოზარ სუბარმა უპასუხა. მას გავრცელებულ ჩანაწერებსა და ბერა ივანიშვილის ინტერვიუს შესახებ ჰკითხეს.
სოზარ სუბარი ამბობს, რომ ერთადერთი დანაშაული, რაც იკვეთება, უკანონო ჩანაწერებია და ამაზე პროკურატურა მუშაობს. მისი თქმით, იმედი აქვს, დამნაშავე გაირკვევა და დაისჯება. ასევე ამბობს, რომ ჩანაწერებში არანაირი მუქარა არ არის.
„რა აღიარებასა და ავთენტურობაზეა საუბარი, არ მესმის. მე გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას გუშინდელზეც და არა მხოლოდ გუშინდელზე. გეტყვით რა არის ადამიანურობა და რა არადამიანურობა.
არაადამიანურობაა, რომ ერთი სიტყვის გამო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აგზავნის „სოდის“ სპეცრაზმს, სასიკვდილოდ იმეტებენ საქართველოს პარლამენტის წევრს და ძლივს გადარჩა ვალერი გელაშვილი. არაადამიანურობაა, როდესაც ერთი სიტყვის გულისთვის იძახებენ „კუდის“ მაღალჩინოსნებს, იტაცებენ ადამიანს, უკანონოდ აღუკვეთავენ თავისუფლებას, აყავთ სასაფლაოზე, აწამებენ და წამებით კლავენ სანდრო გირგვლიანს. არაადამიანურობაა, როცა ამის შემდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო, საგამოძიებო უწყებები ერთად აყალბებენ ამ საქმეს…
ადამიანურობა კიდევ იცით რა არის, როცა ახალგაზრდაზე, თინეიჯერსა და მის მეგობრებზე, მისი სტუდიის ბავშვებზე, რომლებიც არიან 10-11-12 წლის გოგონები და ბიჭები, თვეების განმავლობაში მასირებული ბულინგი, შეტევა, მუქარა ხდება. ხდება არა მხოლოდ უცენზურო ლექსიკით არამედ… თქვენთან ვერ გავიმეორებ იმას, რაც ხდებოდა და რა ინფორმაციაც მაქვს. ამის შემდეგ ერთი ადამიანი, ანზორ ჩუბინიძე მიდის იმ ოჯახში მშობლების, მეზობლების თანდასწრებით, ბავშვს ეუბნება, ამ მუქარის უკან რამე ხომ არ დგას, რამეს ხომ არ აპირებთ. ისინი ეუბნებიან – არაფერს და მაშინ – რად გინდა, შვილო, ეგეთ რამეს რომ აკეთებ, წავიდეთ სპორტზე მიგიყვან, სხვაგან მიგიყვან, რაღაც ნორმალურ კალაპოტში ჩადგები… ეს არის ადამიანურობა და ეს არის განსხვავება ორ ღირებულებას შორის, ორ სამყაროს შორის“, – ამბობს სოზარ სუბარი.
სოზარ სუბარის განცხადებით, როდესაც არ არის დაზარალებული, იქ რამე დანაშაულის ნიშნების არსებობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. მისივე თქმით, ისინი თავიდანვე მიუთითებდნენ რამდენიმე ათეული საუბრიდან ამოღებულ ცალკეული სიტყვების კომპილაციაზე.
„ TV პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.
ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.