გეტყვით, რა არის ჩვენი წინადადება და რა არის მათი - უგულავა მოლაპარაკებებზე

პუბლიკა

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის არ აპირებს გაჩუმებას და სურს გაასაჯაროვოს „ოცნების“ შემოთავაზებები.

„მე არ ვაპირებ ცალკარას თამაშს და იმ ორ ვირეშმაკს, რომლებიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებიდან“, გამოდიან და ყვებიან და შიგნით ფეხებს ასავსავებენ, რომ ჩვენი პოზიცია არ უნდა იყოს ცნობილიო. ეს ინფორმაცია უნდა იყოს ცნობილი და საზოგადოებამ უნდა ნახოს, რომ ისინი არაფერს არ სთავაზობენ. იმ მინიმუმის მინიმუმს არ სთავაზობენ [ოპოზიციას].

რა არის ჩვენი წინადადება და რა არის მათი წინადადება? – ჩვენი წინადადების მთავარი საფუძველი არის რიგგარეშე არჩევნები, ან გაზაფხულზე ან შემოდგომაზე. ამისკენ მისასვლელ გზად ჩვენ „ოცნებას“ შევთავაზეთ პლებისციტი. თუ ჩვენ შევასკდებით ერთმანეთს შუბლით და გასაქანი აღარ არის, შევთავაზეთ აი, მოდით ვკითხოთ ხალხს. ამაზე უარია მათი პასუხი.

ამის მიღწევის საშუალება შეიძილება იყოს პლებისციტი, როგორც გითხარით, ასევე, ცესკოს სრული რეფორმა თავისი თამარ ჟვანიას იქედან გაძევებით და ასევე, აუცილებელია პოლიტპატიმრების გამოშვება. ანუ ჩვენი დოკუმენტი არის სრულფასოვანი დოკუმენტი, რომელიც აძლევს სააგზაო რუკას [ქართულ ოცნებას].

მთავარი საკითხი უკავშირდება არჩევნებს. თუ ეს არჩევნები არ იქნება ანულირებული ან ჩანაცვლებული სხვა არჩევნების მიერ, შეუძლებელია ამის გაკეთილშობილება.

მთავარი მათი მხრიდან რასაც ელაპარაკებიან [შეხვედრებზე ოპოზიციას] ფოკუსირდი ადგილობრივ არჩევნებზე. ადგილობრივი არჩევნები ვერ იქნება ვერანაირი ჩამნაცვლებელი საპარალმენტო არჩევნების.

„ქართულმა ოცნებამ “ რაც წარმოადგინა საკონსტიტუციო ცვლილება ერთ რამეს სჭირდება და ის გადავდოთ ახლა გვერდზე რადგან საკონსტიტუციო ცვლილებას ქართული ოცნება მარტო ვერ განახორციელებს. ის ყველა წინადადება რაც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა … ჯერ ეს ერთი, შეხვედრაზე კობახიძე რომ ამბობს ეს პრობლემაა, ეს უნდა შეიცვალოს, ცესკოზე როცა ლაპარაკობს, თუ ამას აღიარებს რომ პრობლემაა ამას 76 ხმა სჭირდება, ამას არ სჭირდება ოპოზოცია. მეორე, თუ შედგება სრულფასოვანი ბოიკოტი და ბოიკოტი აუცილებლად შედგება, დარწმუნებული ვარ, აგერ მე და აგერ თქვენ, „ქართული ოცნება“ გაზაფხულზე გამოვა ინიციატივით და აი ეხლა იმას რასაც უნდა რომ ვიღაცეებს ათოხლოს იტყვის რომ მე თვითონ გავაკეთებო, “- განაცხადა გიგი უგულავამ.

საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი დღეს გაიმართა. მხარეები ისევ არ საუბრობენ მოლაპარაკების დეტალებზე. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკება ელჩემის ჩართულობით გაგრძელდება. ხელისუფლების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ 11 დეკემბერამდე შეთანხმება შედგება.