„ლელოს” ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სასამართლოს კანცელარიის დაწვის მცდელობის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა, – გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა გამოაცხადა.
პროცესზე პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა ისაუბრა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეებზე. ასევე აღნიშნა ისიც, რომ ელისაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული აქვს გირაო, რაც ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი ფაქტორი ახალი დანაშაულის ჩადენის.
დაცვის მხარემ სასამართლოს 5000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი ამბობს, რომ ელისაშვილი აღიარებს ქმედების ჩადენას, თუმცა არ ეთანხმება ბრალის კვალიფიკაციას.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ელისაშვილმა დაინახა სასამართლოს კანცელარიაში შესული მანდატურები, მან დანაშაულზე ხელი აიღო. მისივე თქმით, მას იარაღის გამოყენებიც მცდელობა არ ჰქონია.
„როდესაც დაინახა შენობაში მანდატურები, იარაღის გამოყენება არ სცადა. მას შეეძლო, იცით, რომ კარგად ფლობს იარაღს, მისი მთავარი პრიორიტეტი რომ ყოფილიყო ამ შენობის გადაწვა და არა ადამიანის სიცოცხლე და უსაფთხოება, ის ადვილად გაანეიტრალებდა სამივე მანდატურს, თუმცა მან მას შემდეგ, რაც დაინახა მანდატურები შენობაში, ეცადა თავი დაეღწია მათგან და ცდილობდა ტერიტორიის დატოვებას”, – ამბობს ადვოკატი.
ბრალდების მხარე არ იზიარებს ამ განმარტებას. პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი ამბობს, რომ მანდატურების ჩვენებით, როდესაც ისინი ცდილობდნენ ელისაშვილის განეირტრალებას, მან ხელი წაიღო გულ-მკერდის არისკენ და ცდილობდა იარაღის ამოღებას, მოგვიანებით კი მანდატურების ძალისხმევით იარაღი მოშორებით განთავსდა.
ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს ჩაინიშნა.
ქმედების ჩადენის მოტივაციაზე ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე ვრცლად ისაუბრა:
„პირველ რიგში, გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ ახლა აქ – მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ამ ქვეყანაშიც არის და რომლის ერთ-ერთი განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.
დავალებებს რომ იღებთ ხალხის წამების, უფლების აყრის, ხალხის ჩაგვრის, ტყუილ-უბრალოდ ციხეში ჩაყრის – ათასი უბედურების. როგორც მე ათას უბედურებას მაბრალებს – ტერორიზმს. ვინმეს მოკვლა რომ მდომოდა, იმ მანდატურებიდან არცერთი ცოცხალი არ იქნებოდა, საკმაოდ კარგად ვფლობ იარაღს.
ქურთუკი მეცვა, ქურთუკის შიგნით ჰუდი მეცვა, ჰუფის შიგნით მეკეთა მხარზე კაბურა და კაბურაში მედი [დაულუქავი] იარაღი. ვისაც იაღართან შეხება აქვს, იცის.
იმასაც ვიტყვი, რომ აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის საქციელით, გამბედაობით და ვაჟკაცობით. პატარა ჩია კაცი იყო, წამომადგა თავზე, ერთი ბოთლი ბენზინი უკვე დასხმული მქონდა…, ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა…
ორი დღე გავიდა, ძვლივს გამდის ის ჯავრი, მაგრამ ამას ვიტყვი პირდაპირ და კაცურად – მოვიგერიე, მოვერიე კიდეც ფიზიკურად. ერთადერთი რაც მინდოდა, მისთვის თავი დამეღწია, როცა მივხვდი, რომ ერთი არ იქნებოდა და სხვებიც მოვიდოდნენ… ტკიპასავით ჩამაფრინდა და ვერაფრით მოვიშორე. ყოჩაღ, სიჩაუქეს ვეძახით მაგას… ჯერ ადამიანი ვარ, მერე კაცი ვარ, ქართველი ვარ და მერე ვარ დანარჩენი, მერე ვარ ტერორისტი.
უსამართლობისთვის მინდოდა ცეცხლის წაკიდება… მე იქ მივედი დილაუთენია, 5-ის წუთებზე. უზარმაზარი გზა გავიარე. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, წინასწარი ზრახვით. ჩემს ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა. გადავიკიდე ზურგჩანთა და კი, ყველაფერი წინასწარ ვიყიდე და მოვამზადე და გეგმა მქონდა, რომ ჩემი პროტესტი გამომეხატა იმისთვის, რაც ამ ქვეყანაში ხდება.
იმიტომ, რომ ვეღარ ვიტევდი უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით, თუნდაც მანდატურები, როგორ ექცევიან, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ – ქალს, ბავშვს, კაცს… მე თვითონ ვნახე პოლიციელი, რომელსაც სიამოვნებდა სისხლები რომ მდიოდა…
ამის წინააღმდეგ მქონდა პროტესტი და მეტი არაფერი, ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია…არასდოდეს არ შემიღწვია არავის შენობაში, არასოდეს ფანჯრები არ ჩამიმტვრევია… ერთი საათი ვამტვრევდი იმ შუშებს… ოპერატიულად რომ მემოქმედა, აუცილებლად მივაღწევდი მიზანს. იყო მომენტი ღობიდან გადავძვერი, ვფიქრობდი, გადავიდე თუ არა, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორც უნდა შემეშინდეს, უკან როგორ უნდა დავიხიო.
შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, რომ მეთქვა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით კაცები, ვისაც გვაწუხებს ამ ქვეყნის ბედი და ვერ ვეგუები იმას რაც ხდება და არ შევეგუები არასდროს…
იმ მანდატურებს რაც შეეხება, შემოვარდა ის ერთი ვერ მოვიგერიე, ტანსაცმელში მქონდა დაუტენავი იარაღი, ტარების უფლებაც მქონდა, გაფორმებულიც მქონდა. მთელი ცხოვრება ტარების უფლება მაქვს, იმიტომ წამოვიღე… მე ისეთი მარშრუტი გამოვიარე (არაფერს გამოძიებაზე არ ვიტყვი მეტს, რასაც აქ ვიტყვი და მორჩა) შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში, პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ ამას… ვინმეზე თავდასხმა რომ მდომოდა, იმ სამიდან ცოცხალი არ დარჩებოდა არავინ, მაგრამ მოგერიება მინდოდა… როცა მივხვდი, რომ ვეღარ მოვახერხებდი იმას, რაც მინდოდა – რომ ცეცხლი წამეკიდებინა ძალადობისთვის, აი მაშინ ავდექი და უკვე ვცდილობდი თავი დამეღწია… იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი.პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს, ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა, არ ვამტყუვნებ, თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტეროტორიას იცავდა, ნეტა ასე იცავდნენ თავის საქმეს და აკეთებდნენ მანდატურები. და არა იმას, რასაც ყოველდღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში.
…ჩემებს მინდა ბოდიში მოვუხადო… ერთი წელია სული მეხუთება ამ უსამართლობით… ცრემლი არ არის, მოსამართლევ, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ, რომ სუსტი ვარ… ირაკლი [კუპრაძე] ბოდიში, თუ თვლი, რომ საერთო საქმე დავაზიანე, ჩვენი წელიწად-ნახევრის ბრძოლა, ბოდიში……მოკლედ, ვინც გარეთ რჩებით, მიაწექით ბოლომდე, ცეცხლი უსამართლობას, გავიმარჯვებთ უეჭველი, აუცილებლად“, – თქვა ელისაშვილმა.