საკანონმდებლო მაცნეზე 7 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა, რომელიც აწესრიგებს ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარ (დასაქმებამდე) და შემდგომ პერიოდული სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ბრძანების მიხედვით, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დასაქმებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, რათა დადგინდეს ღამით მუშაობის პოტენციური რისკები და უარყოფითი შედეგები დასაქმებულის ჯანმრთელობაზე. მინისტრის ბრძანებით, დასაქმებულს პერიოდული სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდება წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტის რეკომენდაციით, 6 თვეში ერთხელ.
დანართის მიხედვით, განსაზღვრულია როგორც წინასწარი (დასაქმებამდე), ასევე პერიოდული სამედიცინო შემოწმება:
წინასწარი სამედიცინო შემოწმების პროცესში საჭიროა სამუშაოდ მისაღები პირების სამედიცინო სტატუსის სრული აღწერა, რათა შემდგომ, პერიოდული სამედიცინო შემოწმების დროს, ეს საწყისი მონაცემები მხედველობაში იქნას მიღებული, როგორც პროფესიული პათოლოგიის ადრეული ნიშნების გამოვლინების, ისე მისი ჰიპერდიაგნოსტიკის თავიდან აცილების მიზნით. ხოლო პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების ამოცანაა ღამის სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენა და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება ავადმყოფთა ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების და შრომის უნარის აღსადგენად.
კანონმდებლობის მიხედვით, ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი არის ნებისმიერი დასაქმებული, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში 22 საათიდან 6 საათამდე მუშაობს არანაკლებ 3 საათს; ან პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის არანაკლებ ერთ მეოთხედს მუშაობს ღამის დროის (22 საათიდან 6 საათამდე) განმავლობაში.
წინასწარი და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები ტარდება შემდეგ სპეციალობებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე ექიმსპეციალისტების მონაწილეობით:
- „შინაგანი მედიცინა“ ან „საოჯახო მედიცინა“;
- „კარდიოლოგია“;
- „ნევროლოგია“;
- „ოფთალმოლოგია“;
- „ოტორინოლარინგოლოგია“.
შემდეგი კლინიკო-ლაბორატორული კვლევების გამოყენებით:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- კოაგულოგრამა;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- გლუკოზის განსაზღვრა სისხლში;
- მხედველობის სიმახვილის შემოწმება;
- აუდიომეტრია.
2020 წლის 29 სექტემბერს შრომის კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებების შედეგად შრომის კოდექსში გაჩნდა ღამით მუშაობის დეფინიცია/განმარტება, რაც აქამდე მოქმედ კოდექსში განსაზღვრული არ იყო. ამასთან, ცვლილებების შედეგად, დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ღამის სამუშაოზე დასაქმებულისათვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომ პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება.
ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი, რომელსაც სამედიცინო დასკვნის თანახმად ღამის სამუშაოს შესრულებიდან გამომდინარე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა გადაიყვანოს შესაფერის დღის სამუშაოზე.