შრომის ინსპექციის სამსახური განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება აღნიშნულ ეტაპზე არ მიუღია და შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.
როგორც შრომის ინსპექცია აღნიშნავს, უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტისთვის, მიმდინარეობს მუშაობა ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. ღამის კლუბების უსაფრთხოების პროტოკოლის პროექტის შემუშავებაზე, რომელიც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება და მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
აღნიშნული პროტოკოლი, ვიზიტორის „მწვანე“ სტატუსთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს, რაც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე – ბიზნესის მდგრად აღდგენას.
ე.წ. ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სექტორის წარმომადგენლებს უახლოეს პერიოდში ეცნობებათ“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
დღეს, 17 დეკემბერს, თითქმის ორ წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში ღამის კლუბების მიერ რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.
კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა, ნაჯა ორაშვილმა 7 დეკემბერს განცხადება გაავრცელა სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავდა, რომ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture-ის მიერ ინიციირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.