ღამის კლუბი KHIDI მუშაობის განახლებას 3 დეკემბრიდან გეგმავს

პუბლიკა

ღამის კლუბი KHIDI 21-თვიანი პაუზის შემდეგ, 3 დეკემბერიდან მწვანე პასპორტის
ამოქმედებასთან ერთად, საკლუბო ღონისძიებების განახლებას გეგმავს – ინფორმაციას KHIDI ავრცელებს.

კლუბის განცხადებით, ღონისძიებებზე დასწრება შეეძლებათ მხოლოდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს:

  • სრულად ვაქცინირებულ პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი
    პასუხების მქონე პირებს.

„კლუბი KHIDI-ს გადაწყვეტილება ეფუძნება პირველ დეკემბერს მთავრობის მიერ შემოღებულ მწვანე პასპორტის სისტემას, სადაც კოვიდ მწვანე სტატუსის მქონე პირებს შესაძლებლობა ექნებათ შევიდნენ შემდეგ ობიექტებში: კვების ობიექტები, გასართობი ცენტრები, გასართობი ობიექტები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები და ასე შემდეგ. ჩამონათვალში კვლავ არ არის ღამის კლუბები“, – აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

KHIDI აცხადებს, რომ საკლუბო ინდუსტრია ერთადერთი სფეროა, რომელმაც სრულფასოვნად ჩაატარა ორი საპილოტე კვლევითი წვეულება, კოვიდ რეგულაციების მკაცრი დაცვით, ღია და დახურულ სივრცეებში. უკანასკნელი კვლევითი ღონისძიება 8 ოქტომბერს ჩატარდა კლუბში KHIDI, სადაც ვირუსის გავრცელების დადებითი მაჩვენებელი 0,5% იყო.

„საკლუბო კულტურა და ელექტრონული სცენა გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, რაც 2020 წლის მარტში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც სფეროს წარმომადგენლებმა კლუბების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკლუბო სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან ღამის კლუბების უსაფრთხო და ეტაპობროვად გახნის საკითხზე, თუმცა ამ დრომდე არ არსებობს კონკრეტული თარიღი, რომელიც ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს მისცემს მუშაობის განახლების საშუალებას“, – აცხადებს KHIDI.

KHIDI-ს წარმომადგენელი სოფო ებრალიძე აღნიშნავს, რომ  2020 წლის მარტის შემდეგ ღამის კლუბს არ უმუშავია, ამ დროის მანძილზე კი დაგროვდა ფინანსური დავალიანებები.

„დაყადაღებული გვაქვს ანგარიშები, ათეულობით თანამშრომელი უმუშევარია, არტისტები და სფეროს პროფესინალები დარჩენილები არიან სამუშაო ადგილების გარეშე. თითქმის ორი წელი მორჩილად ველოდით ნებართვის მიღებას, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს პასუხი. ჩვენ გადავწყვიტეთ ვიხელმძღვანელოთ 1-ლი დეკემბრის მწვანე პასპორტების ამუშავების სისტემით და ჩვენი თავიც მივათვალოთ იმ ჩამონათვალს, რომელშიც სამწუხაროდ ჩვენ არ აღმოვჩნდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩავატარეთ კვლევა და ზუსტად ვიცით რა სისტემით უნდა ვიმუშავოთ, იმისთვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ვირუსის გავრცელება“, – ამბობს სოფო ებრალიძე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, სადაც ღამის ცხოვრება და საკლუბო ინდუსტრია ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებს ქვეყნისა თუ ქალაქის პოპულარიზაციასა და განვითარებაში, 2021 წლის შემოდგომიდან ღამის კლუბები სრულფასოვნად ფუნქციონირებენ კოვიდ რეგულაციების დაცვით.

KHIDI მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ კლუბში მოსახევრად აუცილებელია იქონიონ „მწვანე პასპორტი“ ტელეფონებში, ამისათვის კი საჭიროა Georgia e-Health-ის
აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რომელიც ხელმისაწვდომია, როგორც App store-ში, ისე Google store-ზეც.

აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ, უნდა გაიროთ რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან
დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ავტომატურად აისახება. პროგრამაში გამოჩნდება
ვაქცინაციის, PCR ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ ინფორმაციაც.