ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე გაკეთებული კომენტარი განმარტა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა მის მიერ 30 მაისს ბრატისლავაში გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც კრიტიკა გამოიწვია.

„ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება“ – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიზეზებზე დასმულ შეკითხვას. ღარიბაშვილმა შეკითხვის პასუხად მხოლოდ კრემლის მიერ ომის გასამართლებლად გავრცელებული პოზიცია გააჟღერა.

„ეს ჩემთვის იმდენად არასერიოზული იყო, თქვენ რომ ეს შეკითხვა არ დაგესვათ, ალბათ მე ამაზე არ გავაკეთებდი კომენტარს სხვაგან, ჩემი ინიციატივით, მაგრამ რადგანაც მკითხეთ, მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ თქვენ ყოფილი და მოქმედი ევროპელი ლიდერების გამონათქვამებს. სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე თუ მესამე დრეს, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, იგივე დარბაზში თუ არ ვცდები, ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა ნატოს მაგივრად თქვა ევროპული ოჯახი, და თქვა, რომ უკრაინა იმის გამო ისჯება, თუ როგორც იყო, მე არ მინდა დავამახინჯო მისი ნათქვამი.

ევროპული არჩევანის გამო თურმე მოხდა ეს ომი. მე ვთქვი, რომ უკრაინის სურვილის გამო მოხდა და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ამახინჯებენ სიმართლეს, რეალობას. აქ ახალი არაფერი არ თქმულა. მე რა თქმა უნდა, NATO კი არ დავადანაშაულე ომის დაწყებაში, ეს რა თქმა უნდა აბსურდია, ამაზე როგორ შეიძლება სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.