ღარიბაშვილი 300-ლარიან დასაქმებაზე: მოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებს

პუბლიკა

„საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა ჩვენი ვარაუდით იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე. ერთი მხრივ, 200 ათას მოქალაქეს მივცემთ უკეთეს შემოსავალს, ღირსეული შრომის პირობებსა და თვითრეალიზაციის საშუალებას, მეორეს მხრივ კი, უნდა ვაქციოთ კონკურენტულ, მოტივირებულ მოქალაქეებად, რომლებიც სრულფასოვნად ჩაერთვებიან ჩვენი ქვეყნის მშენებლობის პროცესში.“ – ასე შეაფასა მთავრობის სხდომაზე პრემიერმა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეები სოციალურ შემწეობასთან ერთად, დასაქმების შემთხვევაში 300 ლარს მიიღებენ.

რა გავიგეთ საზოგადოებრივი სამუშაოს პროგრამის შესახებ?

პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან იწყება საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირების დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული.

მისი თქმით, საზოგადოებრივი სამუშაოები სპეციალურად სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება და ისეთ სამუშაოებს გულისხმობს, რომლის შესრულებაც ნებისმიერი კვალიფიკაციის პირს შეუძლია. პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ შშმ სტატუსი ან ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.

მისი თქმით, სულ დასაქმდება 200 ათასზე მეტი ადამიანი.

„პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროები მოახდენენ 50 ათი ათასამდე ვაკანსიის მობილიზებას. ჩვენ წელს შეიძლება ასი ათასზეც კი გავიდეთ. 50 ათასით დავიწყებთ და ვნახოთ, პროცესი როგორ განვითარდება. ლიმიტი არ გვაქვს.“ – განაცხადა პრემიერმა.

პროგრამას სახელმწიფო სააგენტო განახორციელებს და მოსარგებლეს ექნება საშუალება, აირჩიოს ან საზოგადოებრივი სამუშაო, ან უნარ-ჩვევების განვითარების შესაბამისი ვაკანსია.

„ან, თუ მოსარგებლე დასაქმებულია არაფორმალურ სექტორში, შევთავაზებთ, დასაქმების ფორმალიზება მოახდინოს ან პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამებში ჩაერთოს.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქიდან 200 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე არ არის ჩართული ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში.

„მოსარგებლის ოჯახს ოთხი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. იმ დახმარებას, რასაც იღებს, მიიღებს ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ ამას არ შევეხებით. პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი. ანუ, ერთი მხრივ, მიიღებენ სოციალურ დახმარებას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს 400-500 ლარი, ზოგიერთ შემთხვევაში, 700-800 ლარიც და ამის შემდეგ კიდევ ზემოდან იქნება დამატებით სახელმწიფოსგან.

მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელდება მაშინაც, თუ იგი არ დასთანხმდება არც ერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობ, სამართლიანია. რა თქმა უნდა, ამ დროის განმავლობაში მას შეუძლია, შეცვალოს გადაწყვეტილება და დასაქმების სააგენტოს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართოს. საზოგადოებრივი სამუშაოს მასშტაბური პროგრამა, ჩვენი ვარაუდით,იქცევა უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად სიღარიბის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა პრემიერმა.