ღარიბაშვილი აქციაზე: ერთგვარი სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 29 აპრილის შეკრება სადემონსტრაციო შეკრება იქნება წინასაარჩევნოდ.

„რაც შეეხება ჩვენს შეკრებას, 29-ში ძალიან დიდი შეკრება გაიმართება რუსთაველზე, სადაც ჩვენი პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ჩვენი გუნდის მიერ, რადგან ხალხში მართლაც არსებობს ძალიან ძლიერი ინტერესი და სურვილი, რომ გამართულიყო ასეთი შეკრება ჩვენი პარტიის.

ეს ერთგვარი, ასე ვთქვათ, სადემონსტრაციო შეკრებაც არის წინასაარჩევნოდ, ასეთი შეკრებები ყოველთვის იმართებოდა და გაიმართება, აქ უჩვეულო არაფერი არ არის, პირიქით ჩვენ, კიდევ ერთხელ, ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ თუ სად დგას სიმართლე, რომელ მხარეს არის სიმართლე, გამოჩნდება ძალიან მალე სად დგას ქართველი ხალხი.

ქართველი ხალხის ნებას ვერავინ აღუდგება წინ, ამიტომ ის ხელმოცარული ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც ცდილობენ, მოკავშირეების დახმარებით აქ რაღაც გარკვეული დამატებითი ჟანგბადი მიიღონ საზოგადოებაში და დამატებითი ქულები ჩაიწერონ, ვერაფერს ვერ გახდებიან. ჩვენი ხალხი არის ძალიან ბრძენი და ხალხმა ძალიან კარგად იცის, სად დგას სიმართლე, ეს ერთი რამ დაიმახსოვროს ყველამ“, – განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აქცია ასევე იქნება გზავნილი, რომ ხალხი ხელისუფლებასთან ერთად არ დაუშვებს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.