ღარიბაშვილი: არ შემიძლია, არ აღვნიშნო ორბანის ღვაწლი ნამდვილი ფასეულობების დაცვაში

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს მადლონას უხდის, რომ საქარველოს და ქართველი ხალხის „ნამდვილი მეგობარია” და ძლიერი მხარდამჭერია „სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა”.

გარდა ამისა, ღარიბაშვილმა აღნიშნა ვიქტორ ორბანის „ღვაწლი ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში”.

„განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად, ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ვიქტორ ორბანის ღვაწლი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მე უნგრეთში ვთქვი და გავიმეორებ – უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს” – თქვა პრემიერმინისტრმა.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ „არ არის ადვილი, იყო ქრისტიანი ევროპაში, არ არის ადვილი მართო ქრისტიანული მთავრობა ევროპაში”.

„ვთვლი, რომ ჩვენი ქრისტიანული ტრადიციები გახლავთ უმაღლესი ღირებულების. ჩვენ მივესალმებით, თუ ქვეყნები გადაწყვეტენ დაუახლოვდნენ ევროკავშირს, რომელიც ამ მემკვიდრეობაზე დგანან. ჩვენ კარგი განზრახვით მოვედით, ჩვენ გვინდა ერთად შევქმნათ ძლიერი ევროპა. გვინდა, უახლოეს მომავალში დავინახოთ, რომ ორი კავშირი, 2 ქვეყანა ეკუთვნის ერთსა და იმავე პოლიტიკურ კავშირს, ევროკავშირს. ღმერთმა დალოცოს საქართველო“. – თქვა ვიქტორ ორბანმა,

ვიქტორ ორბანი საქართველოში 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილს პირადად 11 ოქტომბერს შეხვდა. დღეს კი მან და პრემიერინისტრმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება სწორედ იქ გააკეთა.

ვიტორ ორბანი უნგრეთს 1998 წლიდან მართავს. ის ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკოსია. ვიქტორ ორბანის გამო ბუდაპეშტიდან გავიდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი – პრემიერმინისტრი დაწესებულებას იმიტომ ეწონააღმდეგებოდა, რომ ის ჯორჯ სოროსის დაფუძნებულია.

2022 წლის ნოემბერში ორბანი მხარს არ უჭერდა, ევროკავშირს უკრაინისთვის დახმარება გამოეყო. თუმცა, მოგვიანებით მას პოზიციის შეცვლა მოუწია.

მანამდე, 2022 წლის 3 აპრილს ვიქტორ ორბანმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო არჩევნები და მეოთხედვე გაინაღდა საკონსტიტუციო უმრავლესობა.