ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელნ დარტყმას მიაყენებს.
„ბატონი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს პრემიერ-მინისტრი 2021 წელს და „ქართულმა ოცნებამ“ არ დაკარგოს ხელისუფლება. დიახაც, ჩაინიშნება ახალი არჩევნები და ქართულ ოცნებას მოუწევს, როგორც ჩანს, ბატონი ღარიბაშვილის ლიდერობით ამ არჩევნებში მონაწილეობა“, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ღარიბაშვილი ისედაც დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის ღვარძლს აღვივებს და ვითარებას ძაბავს.
„თავიდან ბოლომდე ბატონი ღარიბაშვილი გახლავთ კონფლიქტის განსახიერება. მისთვის ორგანულია ზიზღის ენა. ეს ბატონი დემონსტრირებს, რომ ის არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბატონის მორჩილი. იგი არ ცნობს განსხვავებულ პოზიციას ქვეყანაში, იგი არ ცნობს ოპოზიციას, არ ცნობს სამოქალაქო საზოგადოებას და არის მტრულად განწყობილი ყველანაირი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანის მიმართ. როგორ შეიძლება, ამ ბატონის პირობებში ცხოვრება გაგრძელდეს ჩვეულებრივად? კრიზისი მხოლოდ გაღმავდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისმა „ნაციონალურ მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერებთან, მათ შორის ნიკა მელიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ მან მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა შეწყდეს.