პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.
„ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
ღარიბაშვილსა და ოლსონს შორის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.