ღარიბაშვილი: ცალსახად ვამბობ, საქართველო სანქცირებული ტვირთის გატანას არასოდეს დაუშვებს

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს გავლით რუსეთში სამხედრო დანიშნულების კონტრაბანდის გატარების შესახებ გავრცელებულ ბრალდებები ცილისმწამებლურია.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით სანქცირებული პროდუქტის გატანას არასოდეს დაუშვებს.

„პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა სამწუხარო იყო. ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და ეს სამწუხაროა.

უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებ რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველო არასოდეს არ დაუშვებს სანქცირებული ტვირთის გადატანას, მით უმეტეს მთავრობის ჩართვაზე საუბარი, სრული აბსურდია, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.

ჩვენ არ დავუშვებთ სანქცირებული პროდუქტების გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით, ეს არის ცალსახა, მკაფიო პოზიცია.“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.