ღარიბაშვილი და კობახიძე ბაღდათის სტიქიის გამო სამძიმარს გამოთქვამენ

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ბაღდათის სტიქიის გამო სამძიმარს გამოთქვამენ.

„გამოვთქვამ სამძიმარს დასავლეთ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს”. – თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც დეპუტატები მას უსმენენ, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატს.

ყოფილმა პრემიერმა და „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა კი ფეისბუქზე დაწერა:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას”.

7 თებერვალს, გამთენიისას, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. მეწყერში მოყოლილ კიდევ 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.

5 თებერვალს მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას მაღალმთიან აჭარაშიც. მეწყერმა და ძლიერი თოვის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 90-ზე მეტი ოჯახი თავშესაფარშია გადაყვანილი.