ღარიბაშვილი: დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას

პუბლიკა

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის თანამდებობას ტოვებს და „ქართული ოცნების” თავმჯდომარე გახდება.

ინფორმაცია, რომელიც სამთავრობო ტელეარხმა „იმედმა” დღეს, 29 იანვარს, დღის პირველ ნახევარში გაავრცელა, ღარიბაშვილმა თავად დაადასტურა.

მან თქვა:

„პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მუშაობა მეორე ვადით ურთულეს პერიოდში დავიწყე, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პერიოდში. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას. უკომპრომისოდ ვიცავდი ქვეყნის ინტერესებს და მე ვამაყობ იმ შედეგებით, რომლებსაც გუნდათან ერთად მივაღწიეთ.

„ქართული ოცნების” გუნდთან ერთად მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნა. ჯამში ყველზე მეტხანს, 5 წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი.

ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ – შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ. „ქართული ოცნება” უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად”. – თქვა მან.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე თქვა, რომ პოლიტსაბჭოში განიხილეს შესაძლებლობა, ის პრემიერის პოსტზე ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დარჩენილიყო. თუმცა, არჩია, ეს გადაწყვეტილება ახლა მიმეღო.

„მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს“.  – თქვა მან.

ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს.

პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა ნიშნავს, რომ პარლამენტს მთავრობის დამტკიცება ხელახლა მოუწევს. სამთავრობო ტელეარხის, „იმედის” ცნობით, ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე იქნება – ისინი თანამდებობებს ცვლიან.

ყრილობა, სადაც „ქართული ოცნება” ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევს, 1-ლ თებერვალს გაიმართება.