ღარიბაშვილი: ძვირად ღირებულ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შესაძენად.

ღარიბაშვილის განმარტებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ გაყიდონ წინა მთავრობის დროს შეძენილი ძვირად ღირებული ვერტმფრენი და სანაცვლოდ შეიძინონ სამი ახალი ვერტმფრენი.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირად ღირებული, ასე ვთქვათ, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც შეძენილი იქნა წინა მთავრობის დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის და ამ ვერტმფრენში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ევრო არის გადახდილი.

ჩვენი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ ვერტმფრენით არავის არ ესარგებლა. აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ. ისეთებს, რომლებიც გამოგვადგება ჩვენ სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციისთვისაც. ახლა უკვე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.