ღარიბაშვილი: ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ საქართველოში გაზი ყველაზე იაფია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში როგორც ბენზინი, ისე გაზი სხვა ქვეყნებთან შედარებით იაფია. მისი თქმით, ევროპაში 3 კვირის წინ 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი 3900$ იყო, საქართველოში კი 1000 კუბურ მეტრზე გაზის ფასი 120$-ია.

„ბენზინის და საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ მე-100 ადგილზე ვართ საწვავის ფასის მიხედვით მსოფლიოში. ეს იმის ფონზე, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი არ ვართ, ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით საქართველო 71 ადგილზეა.

„საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში უფრო ძვირია საწვავი, ვიდრე საქართველოში, რაც შეეხება გაზის ფასებს – გაზის ფასი მკვეთრად გაზრდილია ევროპაში, 3900 დოლარს მიაღწია 1000 კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა.

ვინმეს ახსენდება, რამდენს ვიხდით ბუნებრივ გაზში ჩვენ? ეს კომერციული საიდუმლოებაა და კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ მთავრობის მიერ აზერბაიჯანთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, არის ძალიან მიზერული. ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ გაზის ფასის მიხედვით მეორე ადგილზე ვართ. საქართველოში აზერბაიჯანის შემდეგ გაზი ყველაზე იაფია მთელ ევროპაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.