ღარიბაშვილი ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„მინდა გულთბილად მივულოცო სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს წარმატებული არჩევნები და წინასწარი შედეგებით პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“გამარჯვება. გისურვებთ წარმატებას. მოუთმენლად ველი სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობას“, – წერს ღარიბაშვილი Twitter-ზე.


სომხური მედიის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებში ყველა, 2008 უბნის ხმები დაითვალა. საბოლოოდ, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურმა პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 53.92% მიიღო.

ფაშინიანის მთავარმა კონკურენტმა და ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთმა“ კი მხოლოდ 21.04%. ეს ნიკოლ ფაშინიანს ხელისუფლებაში დარჩენის საშუალებას მისცემს.

პარლამენტში მოხვდა ასევე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკი „მე მაქვს ღირსება“, რომელმაც ხმების 5.23% მიიღო.