ღარიბაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

„ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით“, – დაწერა ღარიბაშვილმა „ტვიტერში“.

შეხვედრას გამოეხმაურა ოლივერ ვარჰეიც. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ისაუბრეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გაწეულ ძალისხმევაზე.

„კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”,- წერს ოლივერ ვარჰეი „ტვიტერში“.