ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერი, რომელიც 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადს მოაწერს ხელს - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე მმართველი გუნდი ერთსულოვნად შეთანხმდა. პაპუაშვილის განცხადებით, ამის მიზეზია ის, რომ ღარიბაშვილი იყო „ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, არის გამოცდილი პოლიტიკოსი მისი წარსულში პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ყოფნის გამო.

ამასთანავე პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მოხდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ის იქნება პრემიერ-მინისტრი, რომელიც ევროკავშირში გაწევრების განაცხადზე მოაწერს ხელს.

„შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არის ის პრემიერი-მინისტრი, რომლის ხელმოწერაც აქვს საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას 2014 წელს. ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრებაზე“, – განაცხადა შალვა პუპუაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას გაუსვეს ხაზი „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმაც მამუკა მდინარაძემ და თამარ ტალიაშვილმა.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უდიდესი ძალა – ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი და ნატოსთან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის სტადიაზე ქართული თავდაცვის გადამყვანი. წარმატებას ვუსურვებ ირაკლის“, – წერს ტალიაშვილი Facebook-ზე.


ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლიდან რამდენიმე საათში,  „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ წარადგინეს.

„ძალიან მალე აღვადგენთ წესრიგს და წონასწორობას, რომელიც აუცილებელია ქვეყანაში იმისთვის, რომ გააგრძელოს ნორმალურად, კონსტიტუციის ფარგლებში ფუნქციონირება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მისი კანდიდატურის დასახელების შემდეგ.

ირაკლი ღარიბაშვილი მოქმედი თავდაცვის მინისტრია, მან 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. 2013 წელს კი პრემიერ-მინისტრი გახდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მან 2015 წელს დატოვა და დროებით პოლიტიკიდანაც წავიდა. მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და 2019 წელს თავდაცვის მინისტრი გახდა.