“ომი დაიწყო 7 აგვისტოს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ შედიოდნენ ეგრედწოდებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც განახორციელეს სამხედრო აგრესიის აქტი და დაიწყეს ომი.” – ასე ეხმიანება “ევროპული საქართველოს” ლიდერი გიორგი კანდელაკი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.
“აშშ-ს მთავრობამ , ევროკავშირმა, ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა, პროდასავლურმა ოპოზიციამ საქართველოში, ყველამ აღნიშნა, რომ ომი დაიწყო 7 აგვისტოს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც არ შედიოდნენ ეგრედწოდებული სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში, შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რითაც განახორციელეს სამხედრო აგრესიის აქტი და დაიწყეს ომი. 8 აგვისტოს ომის დაწყებას აღნიშნავს მხოლოდ ორი მთავრობა მსოფლიოში, რუსეთისა და საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, დუგინის ძმაკაცების ძმაკაცი ღარიბაშვილი ისევ წინა ხელისუფლებას ანუ საკუთარ ქვეყანას აბრალებს ომის პროვოცირებას და ამით უქმნის კომფორტს საერთაშორისო ასპარეზზე, საიდანაც ოცნებამ მოხსნა ოკუპაციის საკითხი, ოკუპანტ სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციას. ეს კომფორტის შექმნის პოლიტიკა საერთაშორისო ასპარეზზე და დუგინის ძმაკაცებთან ძმაკაცობა რა თქმა უნდა არის საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტისა და მომავლის ღალატი.”- განაცხადა კანდელაკმა
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის ომის დაწყების თარიღს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მან ამავე განცხადებაში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ომი საქართველოს იმჟამინდელი მთავრობის პროვოცირება გახლდათ.