ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე: მჯერა, EU-ში გაიმარჯვებს საღი აზრი 

პუბლიკა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ „ძალიან ძლიერი არგუმენტები აქვს, რომელთა გაზიარებაც ჩვენს ევროპელ კოლეგებს უწევთ და მოუწევთ”.

ღარიბაშვილი ესპანეთში, გრანადაშია, სადაც „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების” სამიტი მიმდინარეობს.

მან ქართველ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველო უსწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც კანდიდატის სტატუსი გასულ წელს მიიღეს.

„ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებული არის უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით. ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ, სამწუხაროდ. ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი, რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს“. – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისია დეკემბერში იმსჯელებს.

EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი 2022 წლის 24 ივნისს ერთხელ უკვე უთხრა და გადაწყვეტილების გადახედვის პირობად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაავალა.