სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილის მოუწოდა გაემიჯნოს „ქართული ოცნებიდან“ წასული ოთხეულის განცხადებებს. პრეზიდენტის მოწოდების შესახებ ჟურნალისტებმა კითხვები ირაკლი ღარიბაშვილის დაუსვეს.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელების ელჩთან პოლემიკის განვრცობა ქვეყნის ინტერესებში არ შედის და გადაჭარბებული იქნება.
„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, რომელიც შეეხება ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს და პოლემიკას, რომელიც მათ გამართეს კელი დეგნანთან.
ყურადღებით გავეცანი მათ კრიტიკულ კითხვებს, წერილებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. მეორე მხრივ, მინდა შევახსენო ჩვენს ყველა თანამოქალაქეს, რომ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, სტაბილურად ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას.
მე, როგორც პრემიერი, ჩვენი მმართველი გუნდი ვართ ვალდებული, რომ ქვეყანა განვითარდეს სტაბილურად, ამას სჭირდება ძლიერი მოკავშირეების ყოლა. ისეთების, როგორც არის აშშ, ევროკავშირი, ევროპული სახელმწიფოები.
ჩვენი პატარა სახელმწიფო ძალიან ძლიერი ხალხით პარტნიორების და მოკავშირეების გარეშე ვერ მიაღწევს დიდ წარმატებებს.
ჩემი, როგორც პრემიერის როლი არის, რომ მაქსიმალურად გავაძლიერო ჩვენი ურთიერთობები ამერიკასთან, ევროკავშირთან. ეს არის ჩვენი მთავარი გეზი.
მიმაჩნია, რომ ამ პოლემიკის შემდგომი განვრცობა და გადაჭარბება არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. მხოლოდ კრიტიკა არ არის საკმარისი და საჭირო. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, აშს-ის ძალიან ბევრი პოზიტიური პროექტი აქვს განხორციელებული.
ასევე, მინდა ვთქვა, რომ ყველას სახელმწიფოს და პირველ რიგში ამერიკას, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო, აქვს თავისი ინტერესები სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკას და მათ წარმომადგენლებს, გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა, ქალბატონი დეგნანი არის ძალიან აქტიური ელჩი, ჩართულია ყველა იმ პროექტში, რომელსაც ამერიკა ახორციელებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობებს ამერიკასთან, არამედ დავასუსტებთ.” – განაცხადა პრემიერმა.
პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა უნდა გაემიჯნონ იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ამ პერსპექტივას და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ჩვენს ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, ხან ევროპის კომისიას.“