პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე მედიკამენტებზე ფასების შემცირების მიზნით განხორციელებული ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
„მე და ზურაბ აზარაშვილმა დავიწყეთ მედიკამენტებზე ფასების შემცირების რეფორმა. მაღალი ფასები მედიკამენტებზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, თუმცა პრაქტიკულად ეს საკითხი უკვე ამოწურული და მოგვარებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ წამლებზე ფასი 60-70%-ით შემცირდა.
„თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ 60-70%-ით დაბალ ფასად ხელმისაწვდომია 200-მდე მედიკამენტი. საუბარია ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე, თორემ ისე მოგეხსენებათ, რომ სისტემაში 10 ათასამდე მედიკამენტია რეგისტრირებული და ფოკუსი ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტზე გავაკეთეთ“, – თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ფარმაცევტულ სექტორში დაგეგმილ რამდენიმე ცვლილებაზე ისაუბრა. 1 მარტიდან სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. 11 აპრილიდან კი რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება.
მისი თქმით, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი მხოლოდ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიმე კონკრეტული მწარმოებლის მიხედვით. ამის შემდეგ ფარმაცევტი ვალდებული იქნება გენერიკული მედიკამენტების სიიდან 3 ყველაზე იაფი წამალი შესთავაზოს მოქალაქეს.
„ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო, ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ რეფორმა წარმატებული იქნება.
„არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, კიდევ უფრო შემცირებული, 60-70-80%-ით არის შემცირებული ფასები, რაც დამერწმუნებით, რომ მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.