ღარიბაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება არ შევუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურ საქნციებს.

მისი თქმით, ის საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.  მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების ქმედებებზე დაკვირვების შემდეგ მიიღეს.

„ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს. საჭიროა სიმშვიდე შევინარჩუნოთ. არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება. ჩვენ ჩვენი ეროვნული და პრაგმატული პოლიტიკით, ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოვახერხეთ ის რომ ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია მშვიდობას და სტაბილურობას. ამასთანავე პარალელურად, ყოველგვარი დესტაბილიზაციის გარეშე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, უვიზო რეჟიმს და თავისუფალ ვაჭრობას.

მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთ, რომელიც რაიმე ფორმით ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს. შესაბამისად, ჩვენ გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებების ქმედებებს, რომელიც უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას მოჰყვა და მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა, კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალთან განაცხადა.