საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების შესახებ საუბრით დაიწყო. სამძიმრის შემდეგ მან თქვა, რომ „გამყიდველების პარტია“ ომის დაწყებიდან დღემდე ცდილობს უკრაინაში პროვოკაციას.
„ეს ადამიანები, ეს ე. წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, ასე შეიძლება ითქვას პირდაპირ – რატომ? ამას კარგად ავხსნი. დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, მათი ორგანიზებულია ახლაც, სამწუხაროდ ეს ჩვენი… ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა არიდებული თავიდან ჩვენი მთავრობის მიერ. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა მათი ლიდერი და მმართველობა აგვისტოს ომის დროს.
ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ ეს ადამიანები დღეს, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ე.წ მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ხალხს, მიწაზე იყო გართხმული. ახლა გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების შემოტანას.
…ყველაფერზე პიარის გაკეთება და პოპულიზმი, იაფფასიანი ამორალური პოპულიზმი არის უბრალოდ შემაშფოთებელი, ეს რაღაც არაქართული მოვლენაა. ქართველი კაცი, ყოველთვის ღირსეულად გამოხატავს – ჭირისუფალთან იქნება ეს სამძიმრის თქმა, თუ ნებისმიერი ქმედებით გამოხატვა. რასაც სჩადიან პოლიტიკოსები ეს არის უბრალოდ ამორალური ფარისევლობა“, – თქვა მან.
3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში რუსეთის ომს ემსხვერპლა. რუსეთის წინააღმდეგ ომში უკვე 33 ქართველი მებრძოლია დაღუპული.